Galt & Taggart-ში 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.8%-ის დონეზე ინარჩუნებენს, 2024 წელს კი 5%-იან ზრდას ელიან. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიის განახლებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
„2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებზე. მათი შეფასებით, ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა. მიმოხილვის ავტორები ინფლაციის დაბალ ნიშნულ შენარჩუნების განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს.
„აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელებაც“, – ამბობენ საინვესტიციო კომპანიაში.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.0%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე Galt & Taggart-ში რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი განაახლეს: „2023 წლის დეკემბერში ველოდებით 9.75%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება ჩვენს წინა პროგნოზს“.
რაც შეეხება ლარის კურსს, მათი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი მცირედით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია. „რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
Galt & Taggart-ში ტურიზმის აღდგენის დინამიკასაც აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შემოსავლების აღდგენის დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ ვერ დაეწია.
„2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ამასთან, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთ-დღიანი ვიზიტორები. შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.